მერაბიშვილმა ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო და გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილმა დაარწმუნა სააკაშვილი, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი ადგილზე უზრუნველყოფდა ამას.
„ასეც მოხდა. ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა – ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნება, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის წესი, მტერი აღმოჩნდა. ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე „ევროპული საქართველო“, შემდეგ „გირჩი“. ანუ, სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი, სატახტოთა თამაშების (Game of Thrones) მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი:
ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების, ანუ ბიძინასა და ქოცების წინააღმდეგ, ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.
სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სია. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად“, - ამბობს უგულავა ვიდეომიმართვაში.