ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ლაგოდეხში სტიქიის შედეგად ჩასახლებულებს ესტუმრა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. სოფელ არეშფერანში, აჭარის რეგიონიდან სტიქიის შედეგად გადასახლებული ოჯახები ცხოვრობენ. მათთვის საცხოვრებელი სახლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეიძინა.
ეს გახლავთ ორსართულიანი სახლები, როგორც საკარმიდამო ნაკვეთებით, ისე სახნავ-სათესი მიწებით. ლაგოდეხის რაიონში სულ შეძენილია 51 სახლი. სოფელ არეშფერანში კი 23 სახლი.
ერთ-ერთი ოჯახი, რომელსაც მინისტრი ესტუმრა, მიქელაძეების ოჯახი იყო. ისინი შუახევში სტიქიის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ახალმოსახლებით, განსაკუთრებით კი უხვმოსავლიანი მიწებით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ სტიქიის მხრივ ნაკლებრისკიან რაიონში დასახლდნენ. ნაზი მახარაძე ოჯახის დიასახლისი: "ჩვენ ვართ აჭარიდან ჩამოსახლებულები. კარგად მოვეწყვეთ. 7 ოთახიანი 2 სართულიანი სახლი გვაჩუქეს. გვაქვს მიწები, მოგვყავს მოსავალი, ასევე გვაქვს საკუთარი შემოსავალი. მშრომელი ხალხი ვართ დაისე ვცხოვრობთ, როგორც სოფელს შეეფერება. თუ კი რამე დაგვჭირდება ადგილობრივი ხელისუფლებაც გვერდში გვიდგას".
მინისტრ კობა სუბელიანის თქმით კი სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჩამოსახლება და მათთვის სახლების შეძენა გრძელდება და ის შეუქცევადი პროცესია: „ლაგოდეხის რაიონში, დაზარალებული ადამიანებისთვის 51 სახლი შევისყიდეთ. მათ სახლ-კარის გარდა აქვთ მიწა, რომელსაც ამუშავებენ და მოსავალიც მოჰყავთ. თავად ხედავთ, როგორ პირობებშიც ცხოვრობენ. ძლიერდება სოფლები და ძლიერდება ამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. პროცესი გრძელდება და შეუქცევადი იქნება".
მინისტრი მომავალ კვირას სხვა რაიონებს ესტუმრება და დევნილებს ახალ მოსახლეობას მიულოცავს