10 ოქტომბერს ცივილიზებული სამყარო ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და ყოველ წელს მსჯელობისთვის გვთავაზობსს განსხვავებულ თემას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის.
წლევანდელი 10 ოქტომბრის სლოგანია „ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველასთვის - მეტი ინვესტიცია, მეტი მისაწვდომობა“, რაც გულისხმობს გეოგრაფიულ, ფინანსურ თუ სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობების გაზრდას.
ამ დღესთან დაკავშირებით, ფსიქიატრიულმა თემმა, საქართველოს პარლამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სტაციონარგარეთა სერვისების 2020 წლის მარტი-აგვისტოს მონიტორინგის შედეგები შეაჯამა. შეხვედრაზე ასევე შეაფასეს სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიული სერვისების ხარისხი და სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური სერვისების საქმიანობა.
„ჩვენი შეხვედრა სრულიად ეხმიანება წლევანდელი 10 ოქტომბრის თემატიკას, რომელიც მიმართულია სერვისების გაუმჯობესებაზე. მსგავსი ტიპის მონიტორინგი 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და შესაბამისად, ჩვენ ვადარებთ ახალ მონაცემებს წინა წლების შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ წელს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა დაძლევა შესაძლებელია. ეს ეხება მაგალითად, აღდგენაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას - ფსიქოსოციალური დახმარების გაწევას, უფრო კომპლექსურ მიდომას ჩვენი პაციენტების ზრუნვის მიმართულებით“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქიატრი ეკა ჭყონია.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარგარეშე სერვისების ეფექტურობის კვლევა“, რომელიც 16 სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიული სერვისისა და 14 თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის საქმიანობას მოიცავს, მომზადდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ კვლევითი გუნდის მიერ, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით.