11 ოქტომბერს 15 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის ეზოში DVV International-ის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონკურსის „ისტორიის კონკურსი ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება თემაზე „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“ (XIX-XXI საუკუნეებში).
დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან და გამარჯვებულებს დააჯილდოებენ ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მარიამ ჩიქობავა და თეა ქარჩავა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის წარმომადგენლები, ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი.
„ისტორიის კონკურსი ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ DVV International-ისა და კორბერის ფონდის (Körber Foundation) ერთობლივი პროექტია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. მისი მიზანია, აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიის კონკურსების მხარდაჭერა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab). პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს მწერალთა სახლი.
კონკურსში მონაწილეობს 15-დან 18 წლამდე ასაკის 70-ზე მეტი მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან. ისინი იკვლევენ საკუთარი ბებია-ბაბუების, მშობლების, მეზობლების ან ოჯახის მეგობრების ისტორიებს. წარსულის აღმოჩენაში მათ ასევე ეხმარება ძველი ფოტოები, წერილები, სტატიები, ბიბლიოთეკები და არქივები.
2019-2020 წლების კონკურსის თემაა „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“
(XIX-XXI საუკუნეებში). დასაწყის ეტაპზე მოსამზადებელი ტრენინგები ჩაუტარდათ ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მიუხედავად კორონა ვირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შეზღუდვებისა, მოსწავლეთა აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. ხაზგასასმელია აგრეთვე კონკურსის ნამუშევართა მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ზრდა.
წლევანდელი ისტორიის კონკურსის ჟიურის წევრები არიან: პროფ. ოლივერ რაისნერი (ილაუნი), პროფ. ლეილა ხუბაშვილი (თსუ), დოქტ. ამირან ჯამაგიძე (თსუ), ნათია კვიციანი (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი), რუსუდან კობახიძე (სოვლაბის მკვლევარი), ქეთევან სიხარულიძე (სოვლაბის მკვლევარი), დავით ჯიქია (DVV International-ის პროექტების კოორდინატორი), ირაკლი ირემაძე (თსუ-ს ასპირანტი).
მოსწავლეთა საკონკურსო ნაშრომები დაშტრიხულია, ამიტომაც კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური ანონიმურად გამოავლენს. ისტორიის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. გარდა ამისა, პირველ 10 ადგილზე გასული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები წიგნის სახით გამოიცემა, რომელიც პროექტის ფარგლებში მზადდება. პროექტის მონაწილე 6 საუკეთესო ახალგაზრდა ოქტომბრის თვეში მონაწილეობას მიიღებს ბერლინის ისტორიის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართება. პროექტის ბოლომდე დაგეგმილია ასევე პროექტში მონაწილე საუკეთესო ტუტორთა ონლაინ-შეხვედრა როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე, სადაც მათ შთაბეჭდილებების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალება მიეცემათ.
ამ კონკურისა და მნთლიანად პროექტის შესახებ მზადდება ვიდეოფილმი.
საერთაშორისო პროექტი „ისტორიის კონკურსი ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ წელს მეორედ იმართება. 2017-2018 წლების პირველი კონკურსის თემა იყო "ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში".