იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები.
კერძოდ, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ.
აღნიშნული პირები, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ არაკეთილსინდისერად გაკეთებულ ჯავშანს აუქმებდნენ და მის ადგილას უკვე მოქალაქის მონაცემებით შევსებულ ჯავშანს აკეთებდნენ.
"ამ დრომდე my.gov.ge-ზე გაკეთებულ ყოველ კონკრეტულ ჯავშანს თავისი, ერთმანეთისაგან განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი ჯავშნის მფლობელი არსებული ჯავშნის გაუქმების ხარჯზე ათავისუფლებდა კალენდარში მის მიერ დაკავებულ დროს, და ქმნიდა სხვისი მონაცემებით შედგენილ ახალ ჯავშანს. ახლა კი სერვისის დაჯავშნისას, მიუხედავად ჯავშნის რაოდენობისა, ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მის გამოყენებას მხოლოდ ის ერთი პირი შეძლებს, ვის სახელზეც თავდაპირველად შეიქმნა ჯავშანი.
ამ ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება - ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად, თუმცა, პროგრამულად, ერთ დღეში სხვადასხვა სერვისის მისაღებად ერთი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება შეზღუდავს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას.
აღნიშნულ ცვლილებაზე ციფრული მმართველობის სააგენტომ მყისიერად დაიწყო მუშაობა და დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილებები ორშაბათიდან ამოქმედდება", - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
კორონავირუსის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება. იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად პირი ვიზიტს ჯავშნის მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ზე რის შემდეგაც მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მას მისდის ვიზიტის დრო, ადგილი და სერვისის მისაღებად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდი.