დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინის პირველი პარტია, რაც 25 000 დოზაა, ხვალ, 10 ოქტომბერს შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ ფეისბუკში გამართულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ ამ დროისთვის ვაქცინის სულ 135 000 დოზა შეისყიდა, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.
მისივე თქმით, კიდევ იგეგმება დამატებით 100 000 დოზის შეძენა.
"ძალიან დიდი დეფიციტია დასავლური წარმოების ვაქცინების, გრიპის ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე, პირდაპირ გეტყვით. ამიტომ სახელმწიფო წელს შეიძენს დაახლოებით 250 000 დოზამდე ვაქცინას. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით რომ იგივე ან სხვა დასავლური მწარმოებლის ვაქცინა კიდევ დამატებითი მოცულობებით შევიძინოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე ონლაინ კონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა თუ ვინ მიიღებს ვაქცინის პირველ პარტიაზე წვდომას.
ზახაშვილის თქმით, უპირველესად ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრებიან.
"ეს ჯგუფები განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციის საფუძველზე. პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად", - აღნიშნა ზახაშვილმა.