ბათუმის დელფინარიუმში დელფინს მეტსახელად ცუცა, მეორე შვილი შეეძინა , - ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი აქვეყნებს.
„ჩვენს ბინადარს, დელფინს მეტსახელად ცუცა, მეორე შვილი შეეძინა. დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია.
დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. ცნობისთვის, უფროსი ვაჟი გურუ, ცუცამ 3 წლის წინ იმშობიარა. „პატარას სულმოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.“ - აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები. მათივე თქმით „ამჟამად დედა შვილს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.“
დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ (თენგო) წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს”, - იტყობინება დელფინარუიმი.