ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ჩასახლებულ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შეხვდება და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, სოფელ არეშფერანში ეკომიგრანტები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
სახლები დაზიანებულია და სიცოცხლისათვის საშიში, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს.
ერთ-ერთი ეკომიგრანტის მანანა კალაძის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას საცხოვრებლად უვარგისი სახლი გადასცა. „სახურავი ჩამტვრეულია, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის. კედლები დაბზარულია და ინგრევა. ქარის დროს ღამეს მეზობელთან ვათევთ, რომ აქ ნანგრევებში არ მოვყვეთ. არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ სახლი გავამაგრო. ისე გვიჭირს, თავს ძლივს ვირჩენთ", - ამბობს კალაძე.
„როცა წვიმს, სახლში ქოლგებით ვზივართ. წვიმს თუ არ წვიმს, პირველ სართულზე მაინც წყალი დგას. ბინა ძალიან ნესტიანია და ამოშრობას ვერ ვახერხებთ. სინესტისგან სახლის კედლები ინგრევა", - ამბობს ეთერ სურმანიძე.