საქართველო „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ შექმნილი მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ გამოცდაში ჩარეთვება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება და ის აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას.
"მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება. 2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ.
ფოტო: ფორმულა