ამერიკულმა კორპორაციამ Apple-მა ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა.
ღონისძიების პირდაპირი ეთერით გადაცემა 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, კომპანიის ვებგვერდსა და YouTube არხზე.
მოსაწვევის ლოზუნგი, რომელიც კომპანიამ პრესას გაუგზავნა, არის "Hi Speed". Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Apple წარადგენს ახალი iPhone-ის ოთხ მოდელს, 5G მხარდაჭერით.
თითქმის ერთი თვის წინ, 15 სექტემბერს, კომპანიის ახალი პროდუქტების ყოველწლიური პრეზენტაცია შედგა. პირველად 12 წლის შემდეგ, iPhone-ის ახალი მოდელები პრეზენტაციაზე არ წარდგენილა.
სექტემბრის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ახალი "ჭკვიანი საათი" - Apple Watch Series 6, რომელსაც შეუძლია გაზომოს ჟანგბადის დონე სისხლში. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა iPad-ის ახალი მოდელი, ასევე Apple Watch SE-ის ბიუჯეტური ვერსია.