თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველო 2-3 კვირაში ანტივირუსულ პრეპარატ რემდესივირს მიიღებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, არ არის დამტკიცებული, რომ ეს წამალი კურნავს კოვიდს, თუმცა სხვა მედიკამენტებთან შედარებით, ყველაზე იმედისმომცემად ითვლება.
"ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად, იმდენად, რომ ამერიკაში ჯერ არ უწარმოებიათ ეს მედიკამენტი საკმარისი რაოდენობით და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა ამ პრეპარატის და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ არაფერი. ახლა ევროპის ქვეყნებიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. 2-3 კვირაში, რემდესივირი, დიდი ალბათობით, შემოვა. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას, რაც ისედაც მცირეა", - თქვა ცერცვაძემ.