ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
საპროტესტო აქცია ბიშკეკში გუშინ, ორშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს. წინასწარი მონაცემებით, 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა მოახერხეს.
საპარლამენტო მანდატის უმრავლესობა მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.
დემონსტრანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ. გუშინ, გვიან ღამით მომიტინგეები შეიჭრნენ მთავრობის შენობაში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტია განთავსებული.
მომიტინგეები ასევე შეიჭრნენ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის შენობაში და გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.
ყირგიზეთის პრეზიდენტის ჟეენბეკოვის განცხადებით, ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.
მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 590 დაშავდა.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა.
ფოტო: EPA