ამ დროისათვის უკვე შემოწმებულია 700-მდე საბავშო ბაღი, საიდანაც 625-ის მიმართ უკვე გაიცა დადებითი დასკვნა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე განმარტავს, ბაღების ნაწილთან მცირეოდენი ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა დროშიც ეს ხარვეზი უნდა აღმოფხვრან.
„დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 2390 კერძო და საჯარო სკოლა. დარჩენილია დაახლოებით ათამდე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში იქნება დასრულებული. რაც შეეხება ბაღებს, ამ მიმართულებით შემოწმება განხორციელდა 700-მდე სუბიექტზე, საიდანაც 625-ის მიმართ უკვე გაიცა დადებითი დასკვნა. დანარჩენს მცირეოდენი ხარვეზი აღენიშნებოდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა პერიოდშიც მათ უნდა აღმოფხვრან ეს დარღვევები. შემოწმების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და 12 ოქტომბრამდე იქნება დასრულებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვამოწმებთ არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს ქვეყნის მაშტაბით. ასევე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ვახორციელებთ გარკვეულ კამპანიებს. დღეის მდგომარეობით, ბოლო თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი შემოწმდა და გაიცა გაფრთხილებები. ეტაპობრივად ასევე ხორციელდება გეგმური მონიტორინგი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.