თუკი არსებობდა კონკრეტული რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევები, როგორც უკვე განვმარტე დეტალური შესწავლის შემდეგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში მოხდება უმკაცრესი რეაგირება, - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედიის შეფასებისას, რა დროსაც მეწყერში რამდენიმე ადამიანი მოყვა.
მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათის უკან აჭარაში მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოსვენებულია. მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით იპოვეს მეწყერში მოყოლილი ოჯახის ორი წევრის და ასევე, ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცის ცხედარი.
"უმძიმესი ორი დღე იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო განსაკუთრებით ხელვაჩაურს, დაღუპულების ოჯახს და მთელს ქვეყანას. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და იპოვეს ყველა დაკარგული ადამიანი. მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე.
ეს იყო უეცრად უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიური მოვლენები. რაც შეეხება წინა ისტორიებს, თუკი არსებობდა კონკრეტული რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევები, როგორც უკვე განვმარტე დეტალური შესწავლის შემდეგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში მოხდება უმკაცრესი რეაგირება. ამ შემთხვევით ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ესეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რომ ოჯახის ხსოვნას კიდევ უფრო მეტი პატივი ვცეთ გადარჩენილი გოგონას სახით, რომელიც დარჩათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ექნება აბსოლუტური გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან", აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბრის ღამით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები.