საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ისტორიაში საუკეთესო უწოდა.
მისი განცხადებით, სიაში მრავლადაა ისეთი ხალხი, ვინც წარსულში აკრიტიკებდა, თუმცა ახლა ძველი წყენის დავიწყების და ძალების გაერთიანების დროა.
"ეს არის ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო საარჩევნო სია, რომელიც ოდესმე წარუდგენია ვინმეს საქართველოში. ეს არის შეჯამება სხვადასხვა ეპოქების, გამოცდილების, პროფესიონალების, ახალგაზრდების. სიის სათავეში არის ბუბა კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც არასოდეს მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის პატრონს, იმიტომ, რომ მას სთავაზობდნენ მრავალ მილიონ დოლარს იმისთვის, რომ ჩასულიყო და ერთხელ მაინც ემღერა რუსეთში რუსეთის მთავრობისთვის. ყოველთვის თქვა ამ ცდუნებაზე უარი. აქ არის ხალხი, რომელიც ძალიან მკაცრად მაკრიტიკებდა წარსულში, მაგრამ ჩვენ დავივიწყეთ ძველი წყენა, იმიტომ, რომ ახლა ჭეშმარიტად საერთო ძალების გაერთიანების დროა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.