გვაქვს უფრო მეტი ამბიციური გეგმა. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. „ქართული ოცნება“ ამას აუცილებლად განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარტია „ქართული ოცნება“ - დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის, როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.
„უპრეცედენტოდ მაღალია საქართველოს წარმატებები საგარეო მიმართულებით. როგორც არასდროს, ქვეყანა ძალიან ახლოს არის ევროკავშირთანა ნატო-სთან. ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელიც 8 წლის განმავლობაში განხორციელდა. სავიზო ლიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება - ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც დადო „ქართული ოცნების“ გუნდმა, მაგრამ გვაქვს უფრო მეტი ამბიციური გეგმა. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. „ქართული ოცნება“ ამას აუცილებლად განახორციელებს. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმ დაპირებისკენ და მნიშვნელოვანი მისიისკენ, რომელიც გვაქვს, რაც არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში - საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და არჩევანი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. განაცხადის გაკეთება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს იქნება წარმატებით შესრულებული, ისევე როგორც ნატო-ს მიმართულებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. თუნდაც შავი ზღვის ახალი ელემენტის გამოკვეთა ნატო-სთან ინტეგრაციის კონტექსტში, რაზეც იყო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრისას, სწორედ შავმა ზღვამ უნდა შეასრულოს მაკავშირებელი ფუნქცია და როლი“, - განაცხადა ზალკალიანმა.