ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან, ამოქმედდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დანერგილი პროექტის "კომპიუტერი ყველასთვის" საპილოტე პროგრამა.
პროექტის ფარგლებში, საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს მიეცემა საშუალება, სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუკი, რომლის ღირებულება ორწლიანი განვადების პირობებში დღეში მხოლოდ ერთიდან ოთხ ლარამდე იქნება.
"ტექნოლოგიების საუკუნეში აუცილებელია ახალგაზრდობისთის, სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის კომპიუტერები ხელმისაწვდომი გავხადოთ. კომპიუტერების მოხმარების გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითად იმოქმედებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა, ის წარმატებული იქნება საქართველოშიც", - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პროექტს ახორციელებს კორპორაცია "ინტელი". საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან კომპანიები "ალტა", "ალგორითმი" და "ტაოპრივატბანკი.
პროექტის პრეზენტაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა კორპორაცია "ინტელის'' ექსპერტი და კონსულტანტი სახელმწიფო პროექტების დარგში რობერტ ფოგელი.
"კომპიუტერი ყველასთვის" ფარგლებში კომპიუტერები და ნოუთბუკები წარმოდგენილი იქნება "ალტასა"' და "ალგორითმის" მაღაზიებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.