ხვალ, 22 ოქტომბერს, პარლამენტის წევრებისთვის ფინანსური ზედამხედველობის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი გაიმართება.
სემინარში მონაწილეობას იღებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია: მაიკლ ფელონი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საფინანსო კომიტეტის წევრი; შემოსავლებისა და საბაჟო საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის აუდიტორული კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ დალატი. სემინარში მონაწილეობას იღებს დიდი ბრიტანეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის მთავარი აუდიტორი სტივენ კინგსტონიც.
სტუმრები ქართველ კოლეგებს, კერძოდ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს, ფინანსური ზედამხედველობისა და აუდიტის განხორციელების მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ. დისკუსიის
დროს განხილულ იქნება პარლამენტის როლი საფინანსო ზედამხედველობის განხორციელებაში, ასევე პარლამენტსა და უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის ურთიერთობის საკითხები. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელი პირებიც.
აღნიშნული სემინარი, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის ფარგლებში იმართება.
შეგახსენებთ, რომ ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამას საქართველოს პარლამენტში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ახორციელებს. ჭFD დიდ ბრიტანეთში არსებული ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. ჭFD 1992 წელს დაარსდა, როგორც საჯარო ორგანიზაცია.