მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები მოწინააღმდეგეთა დიდი რაოდენობით ტექნიკის განადგურების შესახებ იტყობინებიან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შუშაკენდთან შეხების ხაზზე ბრძოლების შედეგად განადგურებულია სომხეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომლექსები С-300.
ამის გარდა სამინისტროში განმარტეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ტერტერზე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაჭრილები.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დაჭრილი და დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 2 700-მდე ადამიანი. ამის გარდა, ბაქოს ინფორმაციით, განადგურებულია 130-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ ვითარების გამწვავების მომენტიდან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიამ გაანადგურა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 137 ერთეული ჯავშანტექნიკა, 72 დრონი, 7 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ რიგ წარმატებებს მიაღწია.
"ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს საარტილერიო ბრძოლები. ღამით, სტეპანაკერტთან ჩამოგდებულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო საფრენი აპარატი", - დაწერა სტეპანიანმა "ფეისბუქზე".
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა.
ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.