"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ბათუმში ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არ გაიზიარა პრეზიდენტის ოპტიმიზმი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ბათუმს და მთლიანად საქართველოს, მხოლოდ უცხოელებისათვის და საკუთარი გარემოცვის პირებისათვის აშენებს, "რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ბათუმში დასვენების საშუალება". ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"ბათუმის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი საქართველოს მხოლოდ საკუთარი გარემოცვისათვის და უცხოელი სტუმრებისათვის აშენებს. აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები უგულვებელყოფილია, მათ საკუთრებაში არ არის მიწა. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც იქნება კარგი და ლამაზი უცხოელი სტუმრებისათვის და მდიდარი ქართველებისათვის. ჩვეულებრივ რიგით ქართველს კი არ აქვს საშუალება ჩავიდეს ბათუმში და კარგად დაისვენოს, თუნდაც იგივე შერატონში", - განაცხადა ბურჯანაძემ.