აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში ვკითხულობთ, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
"დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.
ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვეს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას", - ნათქვამია წერილში.
დღეს დილით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.
სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ყარაბაღის კონფლიქტის 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992-1994 წლების შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა. მთიანი არაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა არცერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს.
1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე, კონფლიქტს 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა.