ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ძალა ერთობაშია” კახა ოქრიაშვილი ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "სოფელი დალეწეს" და მეშველიანებმა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სცემეს.
"დალეწეს სოფელი, თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სცემეს. მე იმედი მაქვს სუს-ში, პროკურატურაში, შსს-ში პატიოსანი ხალხის, რომ გამოიძიებენ ყველაფერს",- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
"ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაპირისპირებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
გოგი მეშველიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა პროვოკაცია შეგნებულად მოაწყვეს "ოცნების" შტაბთან და მათ აქტივისტებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ. ფაქტზე საქმე 126 მუხლით აღიძრა, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ბოლნისში, სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაა.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.