„ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებს შეხვდა.
გიგი უგულავას თქმით, დღეს არის გარდამტეხი ცვლილებების ეპოქა და ამ დროს საჭიროა მკვეთრი, კონკრეტული ხედვა, თუ როგორ ამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე კრიზისდან და წავიდეს განვითარების გზით. უგულავამ აღნიშნა, რომ ამ მძიმე ჭაობში ის, ევროპული საქართველოს გუნდთან ერთად იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას მოუტანს რადიკალურ, გარდამტეხ ცვლილებებს.
„მინდა მოგესალმოთ ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხის ცნობილი ციხიდან. ეს ციხე 2 რამისთვის აუგიათ სამეგრელოს მთავრებს, თავდაცვისა და ვაჭრობის მიზნით და აქ ვაჭრობისათვის სპეციალურად სომხები და ებრაელებიც მოუწვევიათ, რომლებიც სამეგრელოს მთავარ, ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ წასულან. დღესაც არის აქ ადგილი, რომელსაც ნასომხარს უწოდებენ.
ეს პატარა ისტორია გავიხსენე, რადგან დღესაც 2 მთავარი გამოწვევა გვაქვს, როგორ დავიცვათ თავი მტრისგან, ოკუპაციისგან და როგორ განვავითაროთ ვაჭრობა, ანუ ეკონომიკა. უმუშევრობა, სიღარიბე, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, უკვე ათწლეულებია ჩვენი ხალხი გვინსაზღვრავს პრობლემების სამეულს და ამ კუთხით ძვრა არ არის. წლები მიდიან, მთავრობები იცვლებიან, მხოლოდ პრობლემები რჩება უცვლელი.
სწორედ ამიტომ, აქ და ახლა, ამ გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას ფუნდამენტური ცვლილებების გეგმა, თუ როგორ დავიცავთ ჩვენ ქვეყანასა და ხალხს და როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას, შევქმნით სამუშაო ადგილებს და დავძლევთ სიღარიბეს.“ -განაცხადა გიგი უგულავამ.