საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ნებაყოფლობით უნდა წავიდეს.
"ცხადია, მას მოუწევს წასვლა", - თქვა საფრანგეთის ლიდერმა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა კვირას, 27 სექტემბერს.
"ეს არის ძალაუფლების კრიზისი, ავტორიტარული მთავრობისა, რომელიც ვერ მიიღებს დემოკრატიის ლოგიკას და იმართება ძალმომრეობით", - ამ სიტყვებით აღწერა მაკრონმა ბელარუსში არსებული სიტუაცია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ლუკაშენკამ ხმების 80 პროცენტი მოიპოვა, ათიათასობით ადამიანმა ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლა დაიწყო.
ბელარუსში არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ხელისუფლება აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას იყენებს და ასობით ადამიანს აკავებს.
ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.
23 სექტემბერს ლუკაშენკამ, საზოგადოების და მსოფლიოსგან მალულად ჩაატარა საკუთარი ინაუგურაციის ცერემონია, რამაც აღშფოთების მორიგი ტალღა გამოიწვია მოქალაქეებში.