"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დღეს გურჯაანის რაიონში აქცია გამართეს და სოფელ მელაანში საჯარო სკოლის აღდგენა მოითხოვეს. სკოლა ორი ათეული წელია აღარ არსებობს, სხვადასხვა კლასის 180 მოსწავლეს კი გაკვეთილები სოფლის საკრებულოში, ამბულატორიასა და საბავშვო ბაღის შენობებში უტარდებათ.
„ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, არანორმალურ ვითარებას კომიკურს ხდის ის გარემოება, რომ ერთიდაიგივე პედაგოგი დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს ერთდროულად უტარებს გაკვეთილებს.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრას და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებას ითხოვს.