საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსის" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
პირველ და მეორე ადგილზე გასულები, დიანა ცუცქირიძე (საქართველოს უნივერსიტეტი) და დავით მერკვილაძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ბრიუსელში გაემგზავრებიან, ნატოს სათაო ოფისის მოსანახულებლად, მესამე ადგილზე გასულ ხატია ქარდავას (ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
კონკურსში გასულებს გამარჯვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივას" თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების ოფიცერმა კრისტინა ბალეისტემ მიულოცეს.
მინისტრის განაცხადებით, "ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსი" ყოველწლიურ სახეს მიიღებს.
კონკურსი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის ცნობიერების ამაღლებას ნატოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს მასშტაბით არსებული წამყვანი უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც წარმოადგინეს დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემები ნატოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
მიღებული ნაშრომები შეფასდა ექსპერტების - სოსო ცინცაძის, ნიკა ჩიტაძისა და დავით აფრასაძის მიერ.