ლატვიასა და ლიეტუვაში საქართველოდან ჩასულ მგზავრებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. აღნიშნულ განცხადებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოს შესაბამისი საელჩოები ავრცელებენ.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოდან ჩამოსული პირები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში გუშინ, 19 სექტემბერს შევიდა.
21 სექტემბერს კი ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას.
ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
"ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს", - იუწყება საქართველოს საელჩო ლიეტუვაში.
ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.