ყოველწლიური სახალხო დღესასწაული "თბილისობა 2010" 21-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკი უკვე შედგენილია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები, სპექტაკლების პრემიერები, ლიტერატურული თუ სხვა დაჯილდოების ცერემონიები. გამოყენებითი ხელოვნების დარგებში მოეწყობა მასტერკლასები, გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები.
დღეს, 21 ოქტომბერს, 15.00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში "ძველი თბილისის რუკები" გამოიფინება.
22 ოქტომბერს, 19.00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
23 ოქტომბერს, დილიდან, მტკვარზე იმოძრავებს ტივი, 12.00 საათზე კი, ვარდების მოედანზე დაიდგმება საწნახელი. ღვინის დაწურვის პარალელურად ქართული ესტრადის მომღერლები კონცერტს თბილისის მერიის ბიგბენდის თანხლებით გამართავენ.
24 ოქტომბერს, მშვიდობის ხიდთან საზეიმო გალა-კონცერტი "ვერის უბნის მელოდიები" გაიმართება.
აბანოთუბანში კონცერტს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები გამართავენ.
სხვადასხვა დროს კონცერტები ჩატარდება ასევე ვაკის პარკსა და მეიდანზეც.
წლევანდელ თბილისობას, 30 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში "თბილისი ალტერვიზიის" თანამედროვე ჯგუფების კონცერტი დახურავს.