თუ დავაკვირდებით ლარის ბოლო დროინდელ დინამიკას, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი შეზღუდული აღარ იქნება, ნეგატიურ მოლოდინებს გაანეიტრალებს.
"თუ დავაკვირდებით ლარის ბოლო დროინდელ დინამიკას, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს ნეგატიური ტენდენცია კურსთან დაკავშირებით. ნეგატიური მოლოდინები ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, შეიძლება გაჩნდა გარკვეული მოლოდინები მათ შორის ბიზნესში, რომ მთავრობა მიმართავს საყოველთაო საკარანტინო ღონისძიებებს და მოხდება ბიზნესის შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება, ბიზნესი არ იქნება შეზღუდული და ეკონომიკა გააგრძელებს მუშაობს. ეს გაანეიტრალებს ნეგატიურ მოლოდინებს და ტენდენციები ლარის კურსთან დაკავშირებით არ გაღრმავდება", - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 10 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება დღეს 3.15 ლარია, ევრო კი, 3.75 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3.16 – 3.20 ლარს შეადგენს, ევროს შეძენა კი 3.75 - 3.83 ლარად არის შესაძლებელი.