12 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო 77-ე კინოფესტივალი დაიხურა.
ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი ჩინელი რეჟისორის ქლოი ჩჟაოს ფილმს Nomadland გადაეცა.
სხვა მთავარი ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის - კიოში კუროსავა, Wife of a Spy
საუკეთესო მსახიობი ქალი - ვანესა კირბი, Pieces of a Woman
საუკეთესო მსახიობი კაცი - პიერ ფრანჩესკო ფავინო, Padrenostro
საუკეთესო სცენარი - ჩაიტანია ტამანეს The Disciple
ჟიურის გრანპრი - მიშელ ფრანკოს New Order.
წელს ფესტივალის საპატიო "ოქროს ლომი" შოტლანდიელ მსახიობს ტილდა სუინტონს გადაეცა.
კინოფესტივალის ჟიურის სახელგანთქმული ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობდა.
ფესტივალი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით გაიმართა. სავალდებულო იყო დისტანციის დაცვა, ტემპერატურის შემოწმება და დეზინფექცია. კინოდარბაზებში მაყურებლები დისტანციის დაცვით იყვნენ განლაგებულნი.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.