ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფერო მთავრობისთვის პრიორტეტულად რჩება. ეს განცხადება ბაინდურაშვილმა საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ფინანსთა მინისტრმა დაახლოებით 700-მილიარდიან ბიუჯეტში გამოყო სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი. ასევე პრიორიტეტულად დაასახელა განათლების სფერო, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და წყლის მომარაგების პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა. პრიორიტეტებში არ დაუსახელებია ჯანდაცვის სფერო. მისი გამოსვლის შემდეგ კი განცხადება ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროზე მთავრობა ამ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ ვერ საუბრობს, რომ არ არის შეჯერებული ხედვები პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის ბიუჯეტი წელს საერთო ჯამში მილიონით იზრდება და 1 მილირდ 570 მილიონი გახდება. თუმცა წარმოდგენილ პროექტში მთელი რიგი პროგრამები არის განულებული, რამაც წარმოშვა მოსაზრება, რომ აღნიშნული პროგრამები უქმდება. ხელისუფლება ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.
მელიქიშვილის განცხადების შემდეგ ბაინდურაშვილმაც განაცხადა, რომ "მთავრობისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტულად რჩება", თუმცა შეჯერებულ ვარიანტს, ანუ რომელი პროგრამა რა მიმართულებით დაფინანსდება, მთავრობა შესწორებულ ვარიანტში წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მთავრობის მიერ შეტანილ ბიუჯეტის კანონპროექტს იხილავს და შენიშვნებით უბრუნებს მთავრობას. შემდეგ მთავრობა წარმოადგენს გადამუშავებულ ვარიანტს, რომლის ხელახალი განხილვების შემდეგ კომიტეტები აკეთებენ დასკვნას, შეათანხმებენ თუ არა ბიუჯეტს. თუ არსებობს გარკვეული შენიშვნები, მთავრობას უბრუნდება შესასწორებლად და სესიაზე განხილვა ხდება მხოლოდ მთავრობის მიერ ორჯერ შესწორებული ბიუჯეტის შემოტანის შემდეგ. ბიუჯეტი მტკიცდება ერთი მოსმენით. დამტკიცების ბოლო ვადაა დეკემბრის ბოლო რიცხვები.