მიმდინარეობს მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველი პირბადით უზრუნველყოს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა ადმინისტრაციამ ამომრჩეველს ინდივიდუალური კალამიც შესთავაზოს.
„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა მიქელაძემ.