თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აჭარაში სერიოზული მდგომარებაა და რეგიონი უკვე წითელი ზონა გახდა.
"აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა. ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ნიშნავს რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების ალბათ გაძლიერებას და ტესტირების უფრო მეტად გაფართოებას. ამ ეტაპზე ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. დანარჩენი გამოჩნდება, როგორი მატება იქნება", - განაცხადა მარინა ეზუგბაია.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი "ავერსის" კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, ხუთი შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.