მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო 178 სახელმწიფოს შორის მე-100 ადგილს იკავებს. საერთაშორისო ორგანიზაციის - "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მიერ შედგენილი რეიტინგი დღეს. გამოქვეყნდა.
რეიტინგში საქართველო 19 ადგილით დაქვეითდა - 2009 წელს საქართველო იმავე ორგანიზაციის მიერ შედგენილ რეიტინგში 81 ადგილს იკავებდა.
"რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" მიერ შედგენილ რეიტინგში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დომინირებენ, 1-ელ ექვს ადგილს თანაბარი ქულებით, ფინეთი, ისლანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი, და შვეიცარია იკავებენ. ორგანიზაციის აზრით აღნიშნულ ქვეყნებში პრესა სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალია.
რეიტინგის ბოლო 3 ადგილი (176, 177, 178) ტრადიციულად თურქმენეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერითრეამ დაიკავეს. ორგანიზაციის აზრით ამ ქვეყნებში არსებობს მკაცრი ცენზურა, მედია ემორჩილება ხელისუფლებას, იტაცებენ, აშინებენ და კლავენ ჟურნალისტებს.
ცნობისათვის: საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" იცავს ჟურნალისტებსა და მედია ასისტენტებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაპატიმრების, დევნისა და წამებისაგან. იბრძვის ცენზურისა და კანონების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის პრესის თავისუფლებას.
სანამ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" კონკრეტულ კვლევას განახორციელებს, იგი საკუთარი კორესპონდენტების დახმარებით დაწვრილებით სწავლობს აღნიშნულ საკითხს. კორესპონდენტები კონკრეტულ რეგიონებზე არიან მიმაგრებულები (აფრიკა, სამხ. და ჩრ. ამერიკა, აზია და წნარი ოკეანის აუზი, ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა). ამის შემდეგ კი ორგანიზაციის თანამშრომლები კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლებას უგზავნიან საპროტესტო წერილებს, რათა მოახდინონ გავლენა მთავრობებზე, რომლებიც არ სცემენ პატივს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას, აგზავნიან რელიზებს მედია-ორგანიზაციებში, რათა ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირონ კოლეგებს.