15 სექტემბიდან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ფილიალები მუშაობას განაახლებს.
ამ ეტაპზე, არ გაიხსნება მხოლოდ მე-9 (ჭავჭავაძის #24) და 25-ე ბიბლიოთეკები (ლილოს დასახლება), სადაც თბილისის მერია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. დაგეგმილია შენობების, ავეჯისა და ტექნიკის სრული განახლება, კეთილმოწყობა და წიგნადი ფონდების შევსება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის დასაწყისისთვის დასრულდება.
თბილისის ბიბლიოთეკები და მედიათეკები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განაახლებს მუშაობას. ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია: შენობაში არ დაიშვება პირი, რომელიც ვერ გაივლის თერმოსკრინინგს ან აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შენობაში არ დაიშვება პირი პირბადის გარეშე, ყველა ვალდებულია დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია. ასევე, დაუშვებელია ჯგუფური მუშაობა. აუცილებელია ხელების საპნით ხშირი დაბანა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.
„თბილისის ბიბლიოთეკები და მედიათეკები, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე დაიხურა. პრევენციისთვის გადადგმული ეს ნაბიჯი ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი. ექვსი თვის შემდეგ კვლავ ვიხსნებით. გახსნის დღეს ყველა ფილიალი მზად შეხვდება, რათა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და ჩვენს ფილიალებში მუშაობა ყველასთვის უსაფრთხოდ წარიმართოს", - ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.