ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა 2020-წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს, ამის შემდეგ კი, წინასაარჩევნო აგიტაცია, ორშაბათიდან უკვე ოფიციალურად, აქტიურ ფაზაში შევა, თუმცა ოპოზიცია უკვე საუბრობს, რომ ბრძოლა არათანაბარ და უსამართლო პირობებში მოუწევთ.
იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ და თანაბარ პირობებში ჩაიაროს, მესამე სექტორს ხელისუფლებასთან კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.
"ერთ-ერთი მთავარი საფრთხე არის ის, რომ ანტიკრიზისული ნაბიჯები, რომელსაც დგამს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, არ იყოს აღქმული, როგორც პარტიული დახმარება. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება. შემდეგი საკითხი არის ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რომლებსაც ხელისუფლება თავიანთ სასარგებლოდ იყენებს. ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხოლმე,"- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.