2021 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF), კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის დასაწყისში გაიმართება.
ტრადიციულად, ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველწლიურად იანვრის თვეში იმართება.
"ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, მით უფრო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების ერთად შეკრება, რათა ერთად გამონახონ გამოსავალი და იმსჯელონ პოსკოვიდურ ეპოქაში გადატვირთვის გზებზე. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ იანვარში ამ მასშტაბის თავყრილობა არ იქნება უსაფრთხო", - აცხადებენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლები.
ამასთან, ფორუმის ადმინისტრაცია იუწყება, რომ 2021 წლის 25 იანვრის კვირაში, ეკონომიკური ფორუმი ონლაინ რეჟიმში უმასპინძლებს სხვადასხვა მსოფლიო ლიდერს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებიან თავიანთ ხედვებს მომავლის შესახებ.
დეტალური ინფორმაცია და ზაფხულში ფორუმის გამართვის თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.