ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელთა დაცვაც საბავშვო ბაღებს გახსნის შემდეგ მოუწევთ.
მისი თქმით, ბაღებთან დაკავშირებით საბოლოო პროტოკოლზე მიმდინარე კვირაში შეჯერდებიან.
ფერაძის განმარტებით, ბაღის შენობაში მშობელს შესვლის უფლება არ ექნება, ამიტომ მან სულ მცირე 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღში შეყვანა და ბაღიდან გაყვანა.
ბაღის შენობაში გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი, სადაც ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს მოათავსებენ.
ფერაძის განცხადებით, იკრძალება სახლიდან სათამაშოების წამოღება.
"ასევე, ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე", - ამბობს ფერაძე.
გარდა ამისა, ბაღის პერსონალს, ამ შემთხვევაში აღმზრდელებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება, თუ როგორ იმოქმედონ პატარებთან ურთიერთობისას.
საქართველოში საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება.