მოეშვა მოსახლეობა და, პირველ რიგში, ძალიან გთხოვთ ყველას - პირბადე უნდა ვატაროთ დახურულ შენობებში, - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვაში.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად მართვადია, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
„მოეშვა მოსახლეობა და, პირველ რიგში, ძალიან გთხოვთ ყველას - პირბადე უნდა ვატაროთ დახურულ შენობებში. ასევე, სასურველია ის ვატაროთ მაშინაც, როცა გარეთ ვართ და ირგვლივ რამდენიმე ათეული ადამიანია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს აუცილებელია. მეორე - 1-1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია, ყველაზე კარგია თუ დისტანცია 2 მეტრი იქნება.
ასევე, ხელების დაბანა და ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, რომელიც ძირითადად დაცულია ყველგან, მაგრამ თუ სულ არ შევახსენეთ მოქალაქეებს, მივიწყებას მიეცემა. მაგალითად, თავდაპირველად, ყველა ატარებდა პირბადეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიკროავტობუსში, დღეს კი, სამწუხაროდ, მივივიწყეთ და ეს არ შეიძლება, რადგან კოვიდი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ერთეული შემთხვევები ეპიდემიაში გადაიზარდოს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.