აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას. კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პოლიტიკურ გზავნილებს ეხმიანება.
“ლაპარაკის ნაცვლად, რუსეთმა უბრალოდ, მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ სერიოზულად უდგება ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს. ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.