21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.
გიორგი კვინიტაძე დაიბადა 1874 წელს. 1892 წელს დაასრულა თბილისის კადეტთა კორპუსი. სწავლა პეტერბურგში, კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1894 წელს, პირველი თანრიგით დაასრულა და უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო.
პირველ მსოფლიო ომში გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა.
განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა მისი მონაწილეობა 1916 წელს ერზერუმის, ბაიბურთ-ერზინჯანის შეტევით და ოგნოტის თავდაცვით ოპერაციებში.
1917-1918 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში.
მან დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.
1920 წლის 29 აპრილს გენერალი კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები დაამარცხა.
გენერალმა კვინიტაძემ 1921 წლის 18-24 თებერვალს მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.
პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: "არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს".
გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა.