თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებას, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს, მკრეხელობას უწოდებს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პროგრამიდან გასვლის შესახებ შეუტყობინებლობა ჯარიმას ითვალისწინებს.
"რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს "ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "პირველ არხთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეიდან კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღების აჩერებს.