ინფექციურმა საავადმყოფომ კორონავირუსით და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დღეიდან შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.
"დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა", - განაცხადა ცერცვაძემ.