პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არ აპირებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც პარტიები უარს ამბობენ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე. ამის შესახებ ელისაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ის კატეგორიულად გამორიცხავს "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას და ამისთვის რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"სიტყვას ვამბობ მე, ალეკო ელისაშვილი და სიტყვას ვამბობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომ არ არსებობს ვარიანტი, რომლის გამოც ქართულ ოცნებას ჩვენ კოალიციას შევუკრავთ. ახლა არ ვარ ვალდებული, ვანო ჩხარტიშვილის სიძეს და პუტინის ღია აგენტურას კვერი ვუკრა და მათთან ერთად სადღაც ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღო. ვამბობ, რომ არ შევუკრავთ კოალიციას, რა არის მნიშვნელოვანი, რაღაც ფურცელს ხელი მოვაწერო ვიღაც ხალხთან ერთად ხშირ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელთან... გია ვოლსკის და "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ უსმენდით? ვოლსკი ვერ გაბედავს ჩემი გვარის ხსენებას, მაგრამ ვისი გვარები ახსენა? "პატრიოტთა ალიანსის" და ბოკერიას პარტიის. აბა, გაბედოს "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერმა თქვას, რომ ელისაშვილი შეგვიკრავს კოალიციასო და მიიღებენ იმ წამს პასუხს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.