ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე. ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკის სახელმძღვანელოებში - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა პოლიტიკურმა გონმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად ისწავლა დათმობა, საერთო ინტერესებისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის, რაც ქვეყანას განვითარების დემოკრატიულ გზაზე გაიყვანს.
„ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს. ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან – ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, მას იქ გამარჯვება ელოდებათ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ასევე მიიღო დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე, რომელიც ისტორიული გადაწყვეტილებაა ოპოზიციის და კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან მთავრი მიზნისკენ, რომ ვერავინ შეძლოს გაყალბება, ძალაუფლების უზურპაცია და ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მმართველობა საკუთარ ქვეყანაში.
„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს მიღწეული გადაწყვეტილებები, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რადგანაც ქართულმა პოლიტიკურმა გონმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად ვისწავლეთ დათმობა, საერთო ინტერესებისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და სწორედ ეს პარადიგმა იქნება ის, რომელიც ჩვენ გაგვიყვანს განვითარების დემოკრატიულ გზაზე და არასდროს არ განემორდბა ის ამბები, რაც ხდებოდაბ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.