ისე იქცევიან, ვითომ არც ეს სოფელი და არც იქ მაცხოვრებელი ადამიანები არ არსებობენ, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცნობილი ფოტოხელოვანი ნათელა გრიგიალაშვილი ხაშურის მერიის მიერ უყურადღებოდ მიტოვებული სოფელი თაგვეთის შესახებ. სოფელზე, სადაც, როგორ გრიგალაშილი აღნიშნავს, არც სკოლა, არც აფთიაქი და არც მაღაზიაა.
უფრო მეტიც, ბოლო ორი წლის ყველაზე დიდ მიღწევად კი ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასწრაფოს მანქანამ გამოძახებაზე გამოსვლა დაიწყო, მანამდე კი სკოლის ავტობუსის მსგავსად ხიდის მეორე მხარეს ჩერდებოდა და მოითხოვდა, რომ ავადმყოფი მათ მანქანამდე ჩაეყვანათ, სოფლიდან, სადაც მაცხოვრებლების ნაწილი მარტოხელა მოხუცია.
„ჩემს მშობლიურ სოფელ თაგვეთს, ვინც მიცნობს, იცის, რომ ამ სოფელს 30 წელზე მეტია ვიღებ. პრაქტიკულად, პირველივე დღეებიდან, რაც გადაღება დავიწყე და საოცრად შემტკივა გული მის მდგომარეობაზე. თაგვეთი მიმდებარე ტერიტორიაზე უკანასკნელი დასახლებული სოფელია, რომელიც თითქმის ბოლომე დაცლილია. თუკი 90-იანებსა და 2000-იანებში ხალხი აქედან სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო გარბოდა, ბოლო წლებში იმ ელემენტარული პირობების არ ქონის გამო გარბის, რაც აუცილებელია ყველა სოფლის განვითარებისთვის. დღეისათვის უმთავრესი პრობლემა გზა და ხაშურთან დამაკავშირებელი ხიდია, რომლებიც იმდენად განადგურებულია, რომ მანქანების უმეტესობა გამოსვლაზე უარს აცხადებს. რომ მიხვდეთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ - სკოლის ავტობუსი ხიდის გადმოსვლასაც ვერ ახერხებს, ამიტომ ადგილობრივ ბავშვებს კილომეტრების გავლა უხდებათ თოვლსა და წვიმაში, რომ ხიდის მეორე მხარეს მომლოდინე მანქანამდე მიაღწიონ და სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება მოახერხონ. ქარიან ამინდებში მშობლები ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ, რადგან ეშინიათ, რომ ხიდის გადავლისას შეიძლება მდინარეში გადაცვივდნენ.
სოფელში არაა არც სკოლა, არც აფთიაქი და არც მაღაზია. ბოლო ორი წლის ყველაზე დიდ მიღწევად კი ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასწრაფოს მანქანამ გამოძახებაზე გამოსვლა დაიწყო, მანამდე კი სკოლის ავტობუსის მსგავსად ხიდის მეორე მხარეს ჩერდებოდა და მოითხოვდა, რომ ავადმყოფი მათ მანქანამდე ჩაეყვანათ, სოფლიდან, სადაც მაცხოვრებლების ნაწილი მარტოხელა მოხუცია.
ალბათ, მიახლოებით მაინც ხვდებით, რამხელა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ ადგილისთვის გამართულ გზასა და ხიდს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას -ს ძალიან კარგად მოეხსენება ის მდგომარეობა და პრობლემები, რაც ამ სოფელს გააჩნია, თუმცა შეგნებულად იბრმავებს თვალს, უკვე ძალიან ბევრი წელია. ამგვარი დამოკიდებულებით ყველანაირად უკლავენ განვითარების პერსპექტივას ამ ადგილს. პრაქტიკულად, ისე იქცევიან, ვითომ არც ეს სოფელი და არც იქ მაცხოვრებელი ადამიანები არ არსებობენ.
მაინტერესებს, როდის გაანალიზებენ პასუხისმგებელი პირები, რამდენს აშავებენ ამგვარი დამოკიდებულებით? როდის დაიწყებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და შეწყვეტენ საკუთარი გულგრილობით სოფლის ბოლომდე დაცარიელების ხელშეწყობას?
უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო იმ მრავალ პრობლემაზე, რაც ამ სოფელს მერიის წარმომადგენელთა გულგრილობის გამო აქვს, მათ შორის ტყეების უკანანო ჩეხვაზე, წყლის პრობლემებზე და ა.შ. თუმცა ამ ეტაპზე იმ კითხვებზე მინდა მივიღო პასუხი, რასაც ზემოთ ვსვამ“, - წერს ნათელა გრიგლაშვილი.