საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ქართული ოცნება" ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. მისივე თქმით, ამის დადასტურება იყო 2012 წლიდან მოყოლებული ყველა წელი და ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც.
"ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ ჯანღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ოჯახები ღირსეულად არჩინონ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად ემართა.
"ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელ საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი ჩვენი სოფლად და რაიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სოფლის გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ამიტომ, ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება მოგვარდება. ბავშვები და სკოლები - რეაბილიტაციას ვაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითქმის ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა, ქვეყანაშია 3000-მდესკოლა, თითქმის ყველა გასარემონტებელია. სამთაწყაროში, ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მაჩხაანში მთავრდება. არ არის ეს საკმარისი. მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება. ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება მის ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ამ ქვეყანას - დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც. დიდი მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.