ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა,ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.
"ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში და ორივე უფრო დაზიანებულ რეგიონში - მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ორივეგან მართვადია. იქ ჩვენი ჯგუფები მუშაობს, დაახლოებით 10-დან 16-მდე ეპიდბრიგადაა, რომლებიც იკვლევენ. დღევანდელი რიცხვით სადღაც 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული. მესტიაში ძირითადად, ინფექცია ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ასევე ლენჯერის თემის გარეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არავითარი ქალაქების,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, 11 პაციენტის წყარო დადასტურებულთან კონტაქტია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, (ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია), 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3-თან მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების კვლევა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია. კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.