საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული 62% ინტერნეტს ყოველდღე იყენებს, 25% კი - არასდორს.
4% კვირის განმავლობაში ინტერნეტს 4-6 ჯერ იყენებს, 5% - 1-3 ჯერ, იშვიათად(ყოველკვირეულზე ნაკლებად) - 2 % და 1 პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის.
2019 წელთან შედარებით ინტერნეტმომხარებელთა რაოდენობა 7%-ით გაზრდილია.
IRI-ის მიერ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩატარებული კვლევის შედგების მიხედვით, ინტერნეტს გამოკითხულთა 55% ყოველდღიურად მოიხმარდა, ხოლო 30% - არასდროს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.