საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია, აგრეთვე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ.
განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები.
"ქართული ოცნების" ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში, ასევე აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისში.